მიყვარხარ ჩემო გოგო, ჩემო პაწაწუნა გოგო. შენს ფოტოებს და მონაწერებს ვეფერები და ველოლიავები. მხოლოდ ეს დამრჩა. მხოლოდ ეს მაცოცხლებს. მხოლოდ შენი სიყვარულის გამო აქვს აზრი ჩემს სიცოცხლეს.
მიყვარხარ მთელი გულით და სულით, მთელი არსებით მიყვარხარ. ჩემი სიცოცხლე შენს სიყვარულს ეძღვნება. ნუ გგონია, რომ ეს სიყვარული განელდება, ნუ გგონია, რომ გაუფერულდება. დრო ვერაფერს დააკლებს ამ სიყვარულს. ასეთი სიყვარული ვიცი მე. ჩემთვის ადამიანები ადამიანებს ვერ ცვლიან. ჩემთვის სიყვარულს სიყვარული არ ცვლის. ერთხელ შემიყვარდი და ეს ერთადერთი სიყვარულია. ნუ მეუბნები, გამოჩნდება სხვა გოგო და შეგიყვარდებაო. ნუ მეუბნები გადაშალე ახალი გვერდიო. მე ის გვერდი, რომელზეც სიყვარულის ისტორიის წერა დავიწყე შეუვსებელი დამრჩა. თუ არ შევავსე, ვერ გადავშლი ახალ გვერდს. ვიცი, არ გჯერა ამის, მაგრამ წლები დაგაჯერებენ, შენი სიყვარულისთვის მიძღვნილი წლები, შენი სიყვარულისთვის მიძღვნილი ჩემი სიცოცხლე.
შენ ჩემი ერთი ცალი იყავი ყოველთვის და დარჩები მთელი ცხოვრება გესმის? არ არსებობს ამ სამყაროში მეორე. არ არსებობს მეორე ერთი ცალი. შენ ერთად ერთი ხარ, ჩემს სულთან და გულთან შერწყმული და შეხორცებული. შეუძლებელია ამ ერთობის განცალკევება. შეუძლებელია გულს ჩამოაჭრა ნახევარე და ისევ გააგრძელოს ფეთქვა. ჩემი გული ჯერ ისევ ცემს. შენ ისევ ჩემთან ხარ. ისევ გეჩურჩულები შორიდან, ისევ გიყვები ჩემს ამბებს, გესაუბრები ჩვენს ოცნებებზე. შენ ისევ ჩემი ხარ, ჩემი ერთი ცალი.
ჩემო პაწაწუნა გოგო, ამ ერთი წლის განმავლობაში რამდენი სითბო და სიყვარული დავაგროვე შენთვის. ვოცნებობდი იმ დღეზე, როცა გულს გავაღებდი, გამოუშვებდი დაგროვილ სიყვარულს, შენს გულში ჩავღვრიდი და გაგაბედნიერებდი. მკითხავ, რას ელოდებოდიო. პასუხი არ მაქვს. არ ვიცი ღმერთმა ასე რატომ გამწირა. ალბათ წყევლის ბრალია, ალბათ ეს წყევლაც დავისმსახურე. ახლა ეს სითბო და სიყვარული ჩემს გულში სამუდამოდ გამოიკეტა. შიგნიდან მწვავს და მტანჯავს. მე ჩემი გულის გასაღები შენ ჩაგაბარე პირველივე დღიდან. მერე თვითონვე გიმალავდი გულს, რომ არ მოგერგო, არ გაგეხსნა (ისევ არ მაქვს პასუხი). საბოლოოდ მოლოდინით დაღლილმა ალბათ ეს გასაღები მოისროლე. ალბათ სადმე ოკეანის ფსკერზე დაილექა უკვე, სადაც ვერავინ მიაგნებს. ჩემი გული სამუდამოდ დაიკეტა. რამდენი რამ დამრჩა შენთვის სათქმელი. რამდენი ტკბილი და თბილი. რამდენი სისულე ვერ ჩავიდინე შენთან ერთად. ჩემო პაწაწუნა გოგო, მიყვარხარ! მენატრები!
Comments
Post a Comment