არ ვიცი რამდენ ხანს შევძლებ ვიცოცხლო



ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ასე დავსუსტდებოდი, ასე დავეცემოდი. ჩემს მთელ ცხოვრებას თან სდევდა განსაცდელი, ტკივილი, ტანჯვა, დაცემა, მაგრამ არასდროს დავუძლურებულვარ. ყველა განსაცდელი ახალ ძალას მმატებდა და ახალი შემართებით ვიბრძოდი მომავლისთვის. ვიბრძოდი მომავლისთვის, რომელშიც ჩემს გვერდით საყვარელი ქალი უნდა ყოფილიყო. ქალი რომელსაც გავაღმერთებდი, რომლისთვისაც ვქმნიდი მომავალს. ქალი, რომელიც სითბოს, სიყვარულს არ დაიშურებდა ჩემთვის და გამაბედნიერებდა. ამ მომავლის განცდა მაძლევდა ძალას. 

თავიდან ეს ქალი წარმოსახვითი იყო. ვიცოდი რომ ის არსებობდა ამ სამყაროში. ვიცოდი, რომ  ის ჩემთვის იყო გაჩენილი და მე მელოდებოდა. ისიც ვიცოდი, რომ მალე შევხვდებოდი. შემდეგ უფალმა გამომიგზავნა მიწიერი ანგელოზი შენი სახით. 

პირველივე ნახვისთანავე ამოგიცანი. მივხვდი, რომ ვიპოვე ის ერთადერთი, რომელიც ღმერთმა მხოლოდ ჩემთვის შექმნა. ის დღეები იყო საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. მაშინ განვიცადე პირველად რა არის ნამდვილი ბედნიერება. მაშინ, როცა მანქანაზე ქახალდის ნაკუწებისგან გაკეთებულ ყვავილს დაგიტოვებდი და ოფისიდან გიცქერდი, როგორ გაბედნიერებდა ეს მარტივი საჩუქარი. გიცქერდი, ჩემთვის ვიღიმოდი და ვოცნებობდი. ბედნიერი ვიყავი, როცა ვხედავდი როგორ გიყვარდა და ელოლიავებოდი ამ ქახალდის ნაკუწებს. ბედნიერი ვიყავი, როცა შენს ხელს ვეფერებოდი, როცა შეყვარებული თვალებით მიცქერდი და გული ბაგა-ბუგით გიცემდა.

არ ვიცი შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი რა ეშმაკი და წყევლა ჩასახლდა ჩემში. ვიცოდი, რომ მიყვარდი, ვიცოდი რომ შენ ის ერთადერთი იყავი ვისთვისაც ვქმნიდი მომავალს. ვიცოდი, რომ შენს გარეშე ბედნიერი ვერასდროს ვიქნებოდი. ამ ყველაფერს ვაცნობიერებდი, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი ხელით ვანადგურებდი საკუთარ მომავალს. დღეს მე  საოცნებო მომავალი, რომელშიც შენ უნდა ყოფილიყავი, აღარ მაქვს. შესაბამისად აღარ მაქვს ენერგიის წყარო, რომელიც დაცემულს წამოდგომაში დამეხმარება. საბოლოოდ დავუძლურდი. მე ჩემი მეორე ნახევარი დავკარგე. ნახევარი ადამიანი დავრჩი. ეს არის ჩემი სისუსტის მიზეზი.

ჩემს ირგვლივ უკვირს ყველას ჩემი ასეთი სისუსტე, მათ არასდროს ვუნახივარ ასეთი დაუძლურებული. შეიძლება შენც გიკვირს ეს, ან შეიძლება ფიქრობ, რომ სულ ასეთი სუსტი და უნებისყოფო ვიყავი. რომ ღმერთს მადლობა უნდა შესწირო ასეთი არარაობისგან გათავისუფლებისთვის. 

აღარ მინდა სიცოცხლე, რომელსაც მომავალი აღარ აქვს. დღემდე იმ იმედის ნაპერწკალმა მომიყვანა, რომ შეიძლება ოდესმე დამიბრუნდე. ამ იმედის ძებნაში გავატარე ეს დღეები და ამიტომ ჯერ კიდევ მქონდა სიცოცხლის მიზეზი. არ ვიცი სადამდე იცოცხლებს ჩემში ეს იმედი, არ ვიცი რამდენ ხანს ვიცოცხლებ მე.






Comments

Popular posts from this blog

მიყვარხარ, გესმის?!

ჩემი ერთი ცალი

ჩემი გულის გასაღები